ირაკლი ალასანია: ჩვენ არასდროს დავუხრით თავს რუსებს

ჩვენ არასდროს დავუხრით თავს რუსებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “როიტერთან” ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან ზეწოლას, შეაჩეროს ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს საწვრთნელი ცენტრის განთავსება, ან ჩაშალოს საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავების გეგმები.
“რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული. საქართველოს სტაბილურობა სჭირდება. მაგრამ ჩვენ არასდროს დავუხრით თავს რუსებს… რუსეთის მხრიდან “დიქტატს” ვერ მივიღებთ იმაზე, თუ რა არის უკეთესი საქართველოსთვის”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ქმედებები რეგიონში უსაფრთხოების მთავარი საფრთხეა.
“ჩვენ გვსურს, ვიხილოთ წარმატებული უკრაინა და ამ თვალსაზრისით, რუსეთის ქმედებებს რეგიონის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ ვხედავთ”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ალასანიამ ნატოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნას გულისხმობს, რომელიც საქართველოს საკუთრებაში იქნება, თუმცა დაგეგმარება ნატოსთან ერთობლივად მოხდება.
“ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელდება ამ ცენტრის მართვა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ფაქტორი გახდება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ნატოს მაღალჩინოსანი ოფიცრები ქართული არმიის გენერალურ შტაბთან იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები