ირაკლი ღარიბაშვილი DEMETER-AWE Holdings -ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია DEMETER-AWE Holdings -ის დელეგაციას შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და DEMETER-AWE Holdings -ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ. კომპანიის ექსპერტებმა აღნიშნული კვლევა საქართველოს რეგიონებში, ადგილზე არსებული ვითარების შესწავლის საფუძველზე შეიმუშავეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმრებს სოფლის მეურნეობის დარგში გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.მისი თქმით, აღნიშნულ სექტორში წამყვან სიტყვას მევენახეობა ამბობს, რადგან საქართველოს ღვინის 8000 წლიანი ისტორია აქვს და ვაზის 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია.
“საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს, მათ შორის კლიმატური თვალსაზრისით. სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ ისრაელის გამოცდილება უდიდესი ღირებულების მატარებელია საქართველოსთვის.
“მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით“, -დასძინა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს ქართულ-ებრაული მეგობრობის იუბილეზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი რომან ჩხენკელი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები