დავით მათიკაშვილი: რადიკალები და აგენტები საკუთარი ქვეყნის სიძულვილში რომ ერთიანდებიან, ახალი არ არის, მათ მემორანდუმი არ უშველით
,,რადიკალები და აგენტები საკუთარი ქვეყნის სიძულვილში რომ ერთიანდებიან, ეს ახალი არ არის. „ლელო“ და გახარია ილუზიებში არიან. ილუზორული წარმოდგენა აქვთ, რომ უდაბლესი რეიტინგის ფონზე, სადმე „ქართული ოცნების“ რაიმე ფორმით დამარცხებას შეძლებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ყველა რადიკალი მწარედ დამარცხდება.
„არჩევნები ძალიან მალე იქნება, ყველა პარტიის რეიტინგი კიდევ ერთხელ გაიზომება და დადასტურდება, რომ საქართველოში, მის პოლიტიკურ ზედაპირზე აგენტებს არ ესაქმებათ. რა თქმა უნდა, ეს იმ უმცირესი მხარდაჭერით იქნება გაზომილი, რასაც მიიღებენ. ისიც გვახსოვს, რომ მათი მხრიდან აბსოლუტურად ნიველირებული იყო მხარდაჭერა, რაც საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს. საკუთარ სამშობლოს ხომ ღალატობენ და იმ ხალხსაც ღალატობენ, ვინც იმ მომენტში მხარი დაუჭირა. ამ ყველაფერს ცალსახა ახსნა აქვს – საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „დიფ სთეითს“ საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უჭირს. ქართველი ხალხის მოტყუება და თვალებში ნაცრის შეყრა წარმოუდგენელია. სხვადასხვა ვარიანტს მუდამ ამუშავებენ, იქნებ, სადმე ნაპრალი გაჩნდეს, ამით ისარგებლონ და საკუთარი რევანშისტული იდეების სისრულეში მოყვანა მოახდინონ. ასეთი სცენარი დახატულია – ორთოდოქსი, „ნაცების“ კასტა არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. მეორე ნაწილიცაა, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და მემორანდუმი გააფორმეს – ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საზოგადოებას თვალი აუხვიონ. ანუ, ამ ორ ძალას შორის მკვეთრი გამიჯვნის მცდელობა ხდება, რათა ცოდვებით, დანაშაულებით დამძიმებულ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ „ლელო“ და გახარია და ისე იყოს აღქმული, თითქოს, რაღაც შუაშისტური ძალა არიან. მათ არანაირი მემორანდუმი არ უშველით. ვერც ეს სცენარი იმუშავებს და საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს. 64-ვე მუნიციპალიტეტში ყველა რადიკალი მწარედ დამარცხდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.