შალვა პაპუაშვილი: ევროკომისიის გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა
,,ეს არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ქვეყნები, რომლებმაც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერეს.
მისივე თქმით, დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2010 წელს მოეწერა და ის „სააკაშვილის პოლიტიკური ელიტისთვის ამოქმედდა“, მაშინ როდესაც რიგით მოქალაქეებს 2017 წლამდე მოუწიათ ლოდინი.
„საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწერილია ყველაფერი, მათ შორის გარემოებები თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ამ ხელშეკრულების მოქმედება. არცერთი ეს პუნქტი სახეზე არ არის დღეს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება რომელიმე ქვეყანას შეეჩერებინა. აქედან დასკვნა – ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აჰყვა, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ანუ, ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის დიდი სირცხვილი, რომელსაც თავი საერთაშორისო სამართლის დამცველად მოაქვს, სინამდვილეში კი თავად უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.