ვიქტორ დოლიძე: საქართველომ ნატო-ში რთულ დროსაც მოახერხა ღირსეული პოზიციონირება – ჩვენი მიზანი იყო, ყველასათვის გვეჩვენებინა, რომ საქართველო არსად წასულა
როდესაც ნატო-ში დავბრუნდი ელჩის ამპლუაში, იქაც, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები. 2020 წელს ჩავედი – მაშინ კოვიდის პანდემიის პერიოდი იყო და ალიანსსაც რთული დრო ედგა. გახსოვთ, იმ პერიოდში განსაკუთრებით დაძაბული იყო თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობები, ასევე – საფრანგეთსა და თურქეთს შორის პოლიტიკური დაპირისპირებები. ასე რომ, საკმაოდ საინტერესო და გარდამტეხ პერიოდში მომიწია იქ ელჩობა – ამის შესახებ დიპლომატმა ვიქტორ დოლიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება. დოლიძის თქმით, ამ სირთულეების მიუხედავად, საქართველომ მოახერხა პარტნიორებთან აქტიური ურთიერთობების შენარჩუნება და მაღალი დონის კომუნიკაციების უზრუნველყოფა.
ყოფილი ელჩი ყურადღებას ამახვილებს იმ განსხვავებაზე, რაც ნატო-სა და ევროკავშირის სტრუქტურებს შორის არსებობს: „ნატოში ყოველთვის არსებობდა გამოწვევები. არ ვიტყოდი, რომ ოპოზიციაც იგივე ძალისხმევით ახერხებდა მუშაობას, როგორც ევროკავშირში – იქ არსებობს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და საპარლამენტო პლატფორმები, რაც მეტ შესაძლებლობას იძლევა.
როგორც დოლიძე აღნიშნავს, მიუხედავად რთული ვითარებისა, საქართველო და მისი პარტნიორები კვლავ შეძლებენ სტრატეგიულ ურთიერთობებში დაბრუნებას: „მჯერა, რომ გავაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას ისე, რომ არც ოკუპანტს მივცეთ მანიპულირების შანსი და არაღიარების პოლიტიკაც ბოლომდე გაგრძელდეს, როგორც აქამდე“.
„როდესაც ნატო-ში დავბრუნდი ელჩის ამპლუაში, იქაც, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები. 2020 წელს ჩავედი – მაშინ კოვიდის პანდემიის პერიოდი იყო და ალიანსსაც რთული დრო ედგა. გახსოვთ, იმ პერიოდში განსაკუთრებით დაძაბული იყო თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობები, ასევე – საფრანგეთსა და თურქეთს შორის პოლიტიკური დაპირისპირებები. ასე რომ, საკმაოდ საინტერესო და გარდამტეხ პერიოდში მომიწია იქ ელჩობა.
შემდეგ მოჰყვა მადრიდის სამიტი, ნატო-ს ახალი უსაფრთხოების კონცეფციის მიღება და საქართველოს მაქსიმალურად აქტიური წარმოჩენის პროცესში ჩართვა. ვფიქრობ, მიუხედავად სირთულეებისა, ეს მაინც შევძელით.
თუ არაფერს სხვას არ გავითვალისწინებთ, მხოლოდ ორმხრივი ვიზიტებიც კი ბრიუსელსა და თბილისში უმაღლეს დონეზე არაერთხელ შედგა. ჩემი ელჩობის პერიოდში სამი პრემიერ-მინისტრი გამოვიცვალე და, ბუნებრივია, პრეზიდენტიც აქტიურად იყო ჩართული.
ნატო-ში ყოველთვის იყო მსგავსი პრობლემები, რომლებიც პერიოდულად ზედაპირზე ამოტივტივდებოდა. ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციაც იგივე ძალისხმევით ახერხებდა ნატოსთან მუშაობას. ევროკავშირის პლატფორმა განსხვავებულია – იქ არსებობს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და საპარლამენტო დონე. შესაბამისად, ოპოზიცია მეტ-ნაკლებად ახერხებს მუშაობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტნიორი პარტიები მხარს უჭერენ.
ნატო-შიც არსებობს საპარლამენტო ასამბლეა, თუმცა იქ ამგვარი განხილვები შედარებით ნაკლებია. ამიტომაც ოპოზიციური ძალებისთვის ნატო-ს სტრუქტურებში გავლენის მოპოვება რთული იყო.
2024 წლამდე არსებობდა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში – 2010 წლიდან ეს პოზიცია ჯეიმს აპატურაის ეკავა, მოგვიანებით კი ხავიერ კოლომინას. 2022 წელს კი ეს თანამდებობა ნატომ თავად გააუქმა და ყურადღება გადაიტანა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაზე, ნატო-ს ახალი ინტერესების გათვალისწინებით.
ეს გადაწყვეტილება ჩემ წასვლამდე, გაზაფხულზე გამოცხადდა. ჩვენ ვცდილობდით გენერალური მდივნის სამდივნოსა და ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ეს პოზიცია შენარჩუნებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამის მიღწევა ვერ მოხერხდა.
დღეს ეს პოსტი ე.წ. სამხრეთ სამეზობლოშია შენარჩუნებული. გამომდინარე პოლიტიკური ვითარებიდან, დიდი ხანია შეწყვეტილია ვიზიტები და ურთიერთობა ამ ინსტიტუტთან. მათ შორის ელჩებსაც, ძალიან კარგად ესმოდათ ჩვენი პრობლემები. მე მქონდა საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო საუბრებიც. ხშირად მიწევდა ლობისტობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში – ყველაზე მკაცრი კრიტიკოსები გახდნენ. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი ბუქარესტის ცხრიანის ქვეყნების ვიშეგრადის, ბალტიისპირეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მათთან როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ დონეზე ვაწვდიდი ინფორმაციას, რომ საქართველო არსად გამქრალა. საქართველომ ძალიან დიდი კონტრიბუცია გასწია როგორც ნატოს, ასევე ევროპის უსაფრთხოების საქმეში – ადამიანური, პოლიტიკური და პროფესიული რესურსის თვალსაზრისით. არ ვსაუბრობ მხოლოდ ავღანეთსა და კოსოვოზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენი დაღუპული და დაჭრილი სამხედროები – ჩვენი გმირები, ამ საქმეში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ყოველთვის ვცდილობდი დამერწმუნებინა პარტნიორები, რომ საქართველო რჩება იმ გზაზე, რომელიც ქვეყანამ აირჩია. დიახ, შეიძლება იყოს კამათი შიდა საკანონმდებლო ინიციატივებზე ან სხვა საკითხებზე, მაგრამ ის, რომ საქართველომ კურსი შეიცვალა – ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ქვეყნის სუვერენული და სტრატეგიული ინტერესების დაცვა ყველა სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი ამოცანაა, მათ შორის თქვენი ქვეყნებისთვისაც. ეს იყო ძირითადი სულისკვეთება ჩვენი საუბრების. მიუხედავად სირთულეებისა, მჯერა, რომ გვაქვს როგორც რესურსი, ისე სურვილი , რაც მთავარია – სტრატეგიულ პარტნიორობას დავუბრუნდეთ და ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ოკუპანტს არ მივცეთ შესაძლებლობა მანიპულირებისთვის. არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე. ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით.“ – განაცხადა დოლიძემ.