ანდრია ბასილაია: თბილისის მერიამ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა

„სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მას ზე წლების განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა“ – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, დღეს, დედაქალაქის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, ამჟამად ზემოთ აღნიშნული მიმართულების 30 პროგრამა მოქმედებს, რომლის ბენეფიციარი წელიწადში ნახევარი მილიონი თბილისელია.

ბასილაიას განმარტებით, მთლიანობაში ამ წლების განმავლობაში 4 მილიონამდე განაცხადი დაფინანსდა.

„მოსვლის დღიდან ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ახალ პროგრამებზე, რომლებიც ყველაზე უფრო საჭირო იყო საზოგადოებისათვის. ამ წლების განმავლობაში ბევრი ახალი პროგრამა დაინერგა. პირველ რიგში, ეს არის ტრანსპლანტაციის პროგრამის ღვიძლის გადანერგვის კომპონენტის დაფინანსება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 60 შემთხვევა, დაფინანსება ერთ პაციენტზე 120 000 ლარია; ლეიკემიისა და სხვა ონკო-ჰემატოლოგიური დაავადების მკურნალობის ფარგლებში დაფინანსდა ბევრი კვლევა, ასევე, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა; ასევე, დაავადებათა სკრინინგის პროგრამა არის ისევ ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა ორი მუნიციპალური სკრინინგ ცენტრი და გავხსენით კიდევ ორი ფილიალი. ამ პერიოდში 850 000-მდე კვლევა დაფინანსდა“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას დაემატა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების პროგრამა. ბასილაიას განმარტებით, ეს არის ძვირად ღირებული მკურნალობის კურსი, რომელიც წელიწადში 25 000 ლარამდე ჯდება და უკვე დაფინანსდა 1 800-მდე ბენეფიციარი.

„ასევე, გვაქვს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება მკურნალობის კურსები, რომლებიც 25 000-დან 70 000-მდე ლარამდე მერყეობს. ამ მიმართულებით დაფინანსდა 1 800 ბენეფიციარი,“ – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, მიმართულებას ასევე დაემატა სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 900-მდე შემთხვევა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა აუტიზმის სპექტრის დარღვევა მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული პროგრამით 2 400 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს.

ამასთან, ანდრია ბასილაიას განცხადებით, უკვე დაანონსებულია და ბიუჯეტში ასახულია ახალი პროგრამა, რომელიც რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას გულისხმობს. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და 100%-ით დააფინანსებს სოციალურად დაუცველ პირებს, ხოლო 80%-ით ყველა სხვა მოსარგებლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები