თენგიზ შარმანაშვილი: 61-ე წელში გადავედი კაცი, ათასი რამ მინახავს, მაგრამ შიმშილობა მიმართული იყოს არა ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაც მოთხოვნით, არამედ თვითონ ოპოზიციის შიგნით, რაღაცებში გადასარწმუნებლად, არათუ მინახავს, არც მსმენია
„ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
შარმანაშვილის თქმით, აღნიშნული ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ნაბიჯია.
„61-ე წელში გადავედი კაცი. მე ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, მათ შორის, მიშიმშილია კიდეც. ათასი რამ მინახავს ამ ქვეყანაზე, მაგრამ შიმშილობა მიმართული იყოს არა ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაც მოთხოვნით, არამედ თვითონ ოპოზიციის შიგნით, რაღაცებში გადასარწმუნებლად, ასეთი რამ არათუ მინახავს, არც კი მსმენია. მართლა არასერიოზული და არათანმიმდევრული ხალხია. ნახეთ ახლა, მის ამ განცხადებას, თვითონ ოპოზიციაში რა შეფასებები აქვთ. თვითონაც კი მიხვდნენ, რომ ეს იყო უკიდურესად წარმოუდგენელი ნაბიჯი. არათუ გაუთვლელი, არამედ ყოველგვარი ლოგიკისგან დაცლილი. ეს არის მათი სახე. ერთმანეთი ეჯავრებათ და აბსოლუტურად ალოგიკურ ნაბიჯებს დგამენ.
მოდით, ამ 2-დღიან შიმშილობის ისტორიას გადავხედოთ. როდესაც მე ვიწყებდი შიმშილობას ან ვინმე, ჩვენ წინასწარ გვქონდა განსაზღვრული, რა მოთხოვნები უნდა გვქონოდა. იყო ეს შიმშილობა დაწყებული მოთხოვნაზე – „მოდი გავერთიანდეთ”?! არა. დაიწყეს აბსოლუტურად გაუთვლელი შიმშილობა. მერე დაინახეს, რომ ამას ხალხი არ აჰყვა და ეს პოპულარული არაა ხალხში. მერე ეძებდნენ აქედან ლამაზად გამოსვლის გზებს და იპოვეს ვითომ, ასეთი გამოსავალი, ყოვლად არათანმიმდევრული“, – განაცხადა შარმანაშვილმა.