ირაკლი კობახიძე – ნორჩი დინამოელის ბაზასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ინფრასტრუქტურა გადავცეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რათა სრულფასოვნად აღდგეს ბაზა 

ნორჩი დინამოელის ბაზასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ინფრასტრუქტურა გადავცეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმისათვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს ნორჩი დინამოელის ბაზა დიდუბის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნორჩი დინამოელის ბაზა სამშენებლო დანიშნულებით იყო პრივატიზებული, რაც წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულია.

„ნორჩი დინამოელი არის ჩვენი ისტორიის ნაწილი და აბსოლუტურად უგულოდ, პირდაპირ გაასხვისეს ეს უნიკალური ბაზა სამშენებლო დანიშნულებით. თან მერე გაირკვა, რომ იქ მშენებლობაც არ იყო შესაძლებელი, გამომდინარე იქიდან, რომ მეტროს ინფრასტრუქტურა გადის შესაბამისი ნაკვეთის ქვეშ. დარჩა ეს ტერიტორია პრაქტიკულად მიტოვებული. ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ წელსვე წამოვიღოთ და გადავცეთ, შესაბამის კერძო სუბიექტთან მოლაპარაკების საფუძველზე, ეს ინფრასტრუქტურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმისათვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს ნორჩი დინამოელის ბაზა დიდუბის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები