პრემიერი – ჩანაცვლებით თერაპიასა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით პრაქტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ამ სერვისის, თუ იმპორტის წამოღება არ არის საკმარისი, დაგვჭირდება მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა, რათა ბოლომდე გავანეიტრალოთ პრობლემები, პროცესს მაქსიმალურად გავაკონტროლებთ
ჩანაცვლებით თერაპიასა და ფსიქოტროპულებთან დაკავშირებით პრაქტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ამ სერვისის, თუ იმპორტის წამოღება არ არის საკმარისი, დაგვჭირდება მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა, რათა ამ სფეროში ბოლომდე გავანეიტრალოთ პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩანაცვლებითი თერაპიის ნაწილში პროცესი მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული პაციენტის განკურნებაზე, ხოლო ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით საჭირო იქნება მკაცრი კონტროლი აფთიაქებისა და რეცეპტების დონეზე.
„ჩანაცვლებით თერაპიას რაც შეეხება, მათ შორის, სახელმწიფო მომსახურების ნაწილში, მნიშვნელოვანია, რომ ეს მომსახურება მთლიანად იყოს ორიენტირებული განკურნებაზე, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული კითხვები არსებობს. მე შემიძლია, მოგცეთ პირობა, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ამ პროცესს და მაქსიმალურად მკაცრად გადავხედავთ პრაქტიკას. თუ არ არის პროცესი მაქსიმალურად ორიენტირებული პაციენტის განკურნებაზე, ამ შემთხვევაში, პაციენტი უნდა გავიდეს მომსახურებიდან და ეს იქნება ძალიან მკაცრად უზრუნველყოფილი. ამის გარეშე, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ამ სერვისის წამოღებას არანაირი ეფექტი არ ექნება.
რაც შეეხება ფსიქოტროპულებს, იმპორტის წამოღება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ იმიტომ, რომ მთავარი, ვისაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად, ხელოვნურად გაზარდოს რეალიზაცია, ეს არის სწორედ იმპორტიორი კომპანია. ამას გარდა, რჩება რისკები ფსიქოტროპული აფთიაქების დონეზე და რეცეპტების გამოწერის დროს ექიმების მიერ. აქ, რა თქმა უნდა, იმპორტის წამოღების მიღმა მკაცრი კონტროლი უნდა დამყარდეს როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. სფერო არის ძალიან მოწყვლადი, რისკები სერიოზულია, მასშტაბით ბევრად ნაკლები არ არის რისკები ჩვეულებრივი ნარკოტიკების რეალიზაციასთან შედარებით, აქედან გამომდინარე, დაგვჭირდება მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა, რათა ბოლომდე გავანეიტრალოთ პრობლემები ამ სფეროში,”- განაცხადა პრემიერმა.