თორნიკე ჭეიშვილი: აღმასრულებელი ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ არალეგალური მიგრანტების რაოდენობა შემცირდეს
,,ქართული ოცნების” წევრი თორნიკე ჭეიშვილი, მიგრაციის კანონში შესატანი ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტს გამოეხმაურა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება, შემცირდეს არალეგალური მიგრანტების რაოდენობა ქვეყნის ტერიტორიაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულ ნაბიჯებთან ერთად ასევე არსებობდეს ძალიან მყარი სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მაგალითად, თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი ან ნებისმიერი სხვა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენოს იმისათვის, რომ როგორღაც თავი დაიმაგროს ქვეყანაში მაშინ, როდესაც ამის ობიექტური და კანონიერი საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი დღეს მიგრაციის კანონში შესატანი ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტს სესიაზე განიხილავს.
კანონპროექტის მიხედვით, რეგულაციები სამი სხვადასხვა მიმართულებით მკაცრდება, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების წესების, საინვესტიციო ფონდებსა და შრომით სფეროში უცხო პირთა დასაქმებაზე კონტროლის გამკაცრებას.