ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის დასაქმების პირობები გამკაცრდება. მაგალითად, აქამდე, თუ რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რათა უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრი პირობების გათვალისწინებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ბევრი საკითხი განიხილეს და მათ შორის ყველაზე აქტუალური იყო მიგრაციის თემა.
„აქ ჩვენ გვაქვს სიახლეები და ცვლილებები სამი მიმართულებით. მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა.
მეორე საკითხი შრომით მიგრაციას შეეხება. ასევე, ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. მაგალითად, აქამდე, თუ რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რათა უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრი პირობების გათვალისწინებით. მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო მხედველობაში მიიღებს, რამდენად დეფიციტურია ესა თუ ის პროფესია, რამდენად არის ჭარბი მოთხოვნა კონკრეტული მიმართულებით, სადაც არ გასცემს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე შესაბამის ნებართვებს და რამდენად დეფიციტურია. ეს ერთი მხრივ გააადვილებს საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმებას და მეორე მხრივ, ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მოგვცემს ზუსტ მონაცემებს. იმ მიმართულებით, სადაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა საკმარისი არ არის, გადამზადების პირობებსა და შესაბამის აუცილებლობას განსაზღვრავს სწორედ სახელმწიფო“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს შრომის ბაზარზე პროფესიული კადრის დეფიციტი, ხოლო მეორე მხრივ ბევრი ადამიანი კვლავ დაუსაქმებელია.
„ამით ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა განვსაზღვროთ ის სფეროები, სადაც შეიძლება დასასაქმებელი პირების გადამზადებით მივიღოთ მეტი დასაქმებული საქართველოს მოქალაქე. ეს არის მთავარი“, – დასძინა მდინარაძემ.
მან ასევე ისაუბრა, თუ რა სანქციები იქნება შემოღებული, თუ პირი აღნიშნულ პირობებს დაარღვევს.
„სანქცია, მკაცრი ჯარიმა, არ იქნება უცხოეთის მხოლოდ იმ მოქალაქისთვის, რომელიც ამ ნებართვის გარეშე იმუშავებს. ეს სანქცია და ჯარიმა იქნება დამსაქმებლისთვისაც, რათა უცხოელი მოქალაქეები არალეგალურად არ დაასაქმონ. ამასთან, დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება მოხდება და ასეთი სამართლებრივი რეგულაციებით ჩვენ პასუხისმგებლობიანი ქვეყანა ვიქნებით, მათ შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ამ პირობებს ჩვენ მკაცრად შევასრულებთ და აქაც არავის ექნება საფუძველი, რომ ამ მიმართულებით რაიმე შენიშვნა მოგვცენ“, – განაცხადა მდინარაძემ.