მამუკა მდინარაძე: მიმდინარე კვირაში გვექნება გენპროკურორის არჩევა და ჩვენ გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ
მიმდინარე კვირაში გვექნება გენპროკურორის არჩევა და ჩვენ გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიმდინარე კვირაში გვექნება გენერალური პროკურორის არჩევა. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და წარმოდგენილია, როგორც მოგეხსენებათ, გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი უმრავლესობაში იცნობს, მათ შორის მეც და თან ძალიან კარგად. ვინაიდან, ეს ადამიანი არის ღირსეული, პროფესიონალი კადრი, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში პარლამენტი მოისმენს სუს-ის ანგარიშსაც, ხოლო კვირის ბოლოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.