მიხეილ სააკაშვილი: ყვარყვარეს ციხეში ჯერ კიდევ ეტევიან პატიმრები, თუმცა მალე კარები აუცილებლად გასკდება და ყველას თავისი ადგილი გამოუჩნდება
,,მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაჭერა არის საქართველოს დაპატრონებული, ბანდიტური საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მორიგი დაცინვის აქტი”,- ამის შესახებ პატიმარი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს აპატიმრებენ.
ყვარყვარეს ციხეში ჯერ კიდევ ეტევიან პატიმრები, თუმცა მალე კარები აუცილებლად გასკდება და ყველას თავისი ადგილი გამოუჩნდება”,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.