„დაველოდოთ კარასინი-აბაშიძის შეხვედრას და შემდეგ ვნახავთ, სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება“

უნდა დაველოდოთ კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დასრულებას და შემდეგ ვნახავთ, სწორი იყო თუ არა გადაწყვეტილება ამ ფორმატის ჩატარების თაობაზე – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილი იქნება არაღიარებული ხელისუფლების მიერ, არ იქნება აღიარებული მსოფლიო თანამეგობრობის მიერ და მას არ ექნება იურიდიული ძალა.
მისი თქმით, მხარეების შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტის გამოქვეყნება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ, როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხელმოსაწერად შესთავაზა.
“რაც შეეხება უშუალოდ კარასინი-აბაშიძის შეხვედრას, შეხვედრის წინ იყო დისკუსია იმის თაობაზე, უნდა შედგეს თუ არა მორიგი რაუნდი, აქ აზრები გაიყო. მე ვემხრობი მათ აზრს, ვისაც მიაჩნია, რომ ეს შეხვედრა უნდა შედგეს. კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზეც ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და გადაწყდა, რომ აბაშიძე ამ შეხვედრაზე უნდა გაემგზავროს, რადგანაც ჟენევის მოლაპარაკებები ახალი ჩატარებულია. შემდეგი რაუნდი იქნება დეკემბერში. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვჭირდება უშუალო კონტაქტი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ პირველი წყაროდან შევიტყოთ მათი განზრახვის შესახებ. ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს შეხვედრა, მე ვფიქრობ, ყველა ვარიანტში ეს იქნება უფრო მეტი ინფორმაციის მომცემი. ყოველთვის არის იმის საშუალება, რომ რაღაც ფორმატი გააუქმო ან პროტესტი გამოუცხადო. დაველოდოთ ამ შეხვედრის დასრულებას და ვნახავთ, სწორი იყო თუ არა გადაწყვეტილება ამ ფორმატის ჩატარების თაობაზე”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები