თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „საბაკალავრო პროექტი“ დაინერგა
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის დაინერგა საშემსრულებლო ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული დისციპლინა – „საბაკალავრო პროექტი“, რომლის საბოლოო შედეგად სტუდენტთა მიერ ერთობლივი შემოქმედებითი პროექტის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება განისაზღვრა.
კონსერვატორიის ინფორმაციით, შემოქმედებითი პროექტის განხორციელებისათვის მეოთხეკურსელმა სტუდენტებმა პროექტის ხელმძღვანელთან, რუსუდან თაყაიშვილთან ერთად შეარჩიეს დღის ცენტრი „ახალი ნაბიჯები“.
„მათ მიზნად დაისახეს ცენტრის ბენეფიციარებისათვის ინტერესის გაღვივება კლასიკური მუსიკის მიმართ. რისთვისაც საკონცერტო ნაწილთან ერთად დაიგეგმა ინტერაქტიური აქტივობები.
სტუდენტებმა შეასრულეს: ქართული და უცხოური კლასიკური მუსიკის ნიმუშები, ჯაზური კომპოზიციები; შესრულდა სოლო, საანსამბლო და საორკესტრო ნომრები. ღონისძიების დასასრულს, ცენტრის ანსამბლმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი.
პროექტში მონაწილეობისათვის ორგანიზატორები მადლობას უხდიან საშემსრულებლო ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს, ასევე კონცერტმაისტერ ეკატერინე გოგოლიძეს, დირიჟორ გიორგი პაპიაშვილს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.