გელა შერმადინი წულუკიანის კითხვაზე, თუ როგორ აფასებენ ახალგორის მაცხოვრებლები სააკაშვილის რეჟიმის მიერ ახალგორელების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს, აცხადებს, რომ გაგვწირეს და ახალგორის მუნიციპალიტეტი რუსებზე გაყიდეს
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის საკითხები განიხილება.
სხდომაზე 2008 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალგორის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი გელა შერმადინი საუბრობს.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა შერმადინს კითხვით მიმართა, თუ „როგორია განწყობა ახალგორის მაცხოვრებლებში, რომლებიც დევნილები არიან, როგორ აფასებენ ამდენი წლის მერე სააკაშვილის რეჟიმის მიერ ახალგორელების წინააღმდეგ გადადგმულ არა ერთ ნაბიჯს?“, რაზეც გელა შერმადინმა განაცხადა, რომ მოსახლეობა აღიქვამს, რომ ისინი გაწირეს და ახალგორის მუნიციპალიტეტი რუსებს ჩააბარეს.
„ყველა აფასებს ისე, რომ ჩვენ გაგვწირეს. ახალგორის მუნიციპალიტეტი ჩააბარეს და გაყიდეს რუსებზე. ასე აღიქვამს ყველა ჩვენი მოსახლეობა. ამ შეფასებასთან [ერთსულოვნებაა], 70 პროცენტიანი შეფასებაა ასეთი“- განაცხადა გელა შერმადინმა.