“სრული ზარალის შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ” – „თბილისი ცენტრალი” განცხადებას ავრცელებს

“მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე”, – ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აღნიშნული ტერიტორია 49-წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს „თბილისი ცენტრალს“ საქართველოს რკინიგზისგან.

„არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს ბაქანი. ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას. ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს ბაქანი უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სრული ზარალის შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ”, – წერია ინფორმაციაში.

თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე დღეს დილით ძლიერი ხანძარი იყო.

ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები