მიწის მართვის სფეროში საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა დაიწყო

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო სამეცნიერო-საპროექტო ინსტიტუტს (Uzdavyerloyiha) შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მიზნად ისახავს მიწათმოწყობის, გეოდეზიის, გეოინფორმაციული ტექნოლოგიების, სამეცნიერო საქმიანობისა და მიწის კადასტრული შეფასების სფეროში თანამშრომლობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებსა და კვლევებს, ჩაატარებენ კონფერენციებსა და სემინარებს, გაცვლიან შესაბამის ინფორმაციას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის გაძლიერებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას.

„მემორანდუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას და ინოვაციური მიდგომების დანერგვას მიწათსარგებლობის სფეროში“, – აღნიშნა ხელმოწერის ცერემონიაზე სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.

თავის მხრივ, სამეცნიერო-საპროექტო ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა რუჰიდინ ტურაევმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის აუცილებლობას თანამედროვე მიწათ სარგებლობისა და გეოინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისთვის.

მემორანდუმს ხელი მოეწერა ქალაქ ტაშკენტში, უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (Uzgiprozem) გამართულ შეხვედრაზე, სადაც მხარეებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მონიტორინგისა და მართვის, საძოვრებზე გეობოტანიკური კვლევების ჩატარების, მიწის ნორმატიული ღირებულების განსაზღვრის, დისტანციური ზონდირების და სხვა საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები