ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მე წილად მხვდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად, აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის

,,დღემდე, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას, შესაბამისად ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე ჩემი ძლიერი და გულწრფელი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

,,2011 წლის ოქტომბერში მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი. მაშინ ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი უკანონოდ ჩასვეს ციხეში და სააკაშვილის რეჟიმს 1 წლის განმავლობაში პრაქტიკულად მძევლად ჰყავდა აყვანილი… და გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ოჯახის წევრს დავკარგავდით, მას ციხეში მოკლავდნენ და ალბათ მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში წასვლა… მაგრამ რაც ყველაზე მთავარია დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა… მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა ჩვენი პარტიის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა და საკუთარი ხალხის მტერი და ეროვნული ინტერესების მოღალატე, მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ.

2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მე წილად მხვდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად, აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის… მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში, ორჯერ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხოლო ბოლო ერთ წელიწადზე მეტია, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები