ყველა ეს პროგრამა, რომლის მიზანიც გახლავთ, რომ შეამციროს ზიანი, რომელიც თანმდევია ნარკომანიის, სახელმწიფო კარგად ხვდება, რომ ამაში რესურსი უნდა ჩაიდოს, ინვესტირება უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ საზოგადოებას მიადგეს ნაკლები ზიანი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ნარკომანია რასაკვირველია უზარმაზარი პრობლემაა, რომელსაც შეუძლია განაპირობოს ჯანმრთელობის უზარმაზარი პრობლემებიდან დაწყებული, დემოგრაფიის პრობლემებით დამთავრებული. ამიტომ აბსოლუტურად გამართლებულია, რომ [ამის წინააღმდეგ] დაიხარჯოს ბევრი ფული, დაიხარჯოს იმიტომ, რომ ჩვენ მოვახდინოთ პრევენცია ძალიან დიდი დანახარჯებისა. რამდენი ჯდება თუნდაც ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამები, სამედიცინო საჭიროებები, რომელიც უჩნდებათ; ჯანმრთელობას რომ სპობს ნარკომოხმარება, ეს ყველასთვის ცნობილია. ნარკომანიაზე დამოკიდებულების შემცირებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ თუნდაც სამედიცინო ხარჯები დაიზოგოს და ძალიან სწრაფად შეიძლება ამ დანახარჯებიდან ამონაგები გამოჩნდეს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
მან ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციას.
„სახელმწიფო სტრუქტურებში დღეს მუშაობენ იმ კვალიფიკაციის პროფესიონალები, რომელზე აღმატებული და უფრო მეტი კვალიფიკაციისა, მე სხვა არ მეგულება. ის ხალხი, რომელიც ჩვენს სისტემაში მუშაობს, არავის დაუდებს ტოლს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე – როდესაც სახელმწიფო დაწესებულებებს ბუნებრივად მოემატება პაციენტები, აუვა თუ არა მედპერსონალი ამას, მინისტრმა ასე უპასუხა:
„დიახ. ზუსტად იმის პროპორციულად, რაც იქნება მოთხოვნა და საჭიროება, ამას მუდმივად ვადევნებთ თვალყურს. გაკეთდება პროგნოზებიც და შესაბამისად, ამის მიხედვით დაიგეგმება პროცესი. პირველადი პროგნოზები და მონახაზი ამასთან დაკავშირებით გაკეთებულია. ამის მიხედვით ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმ გეგმების განხორციელებაზე, რომლის მიხედვითაც 15 აგვისტოდან გარკვეული ნაწილი ახალი მომხმარებლებისა უნდა მივიღოთ. თუმცა მე არ მგონია, რომ ეს იყოს რაღაცა ისეთი დიდი დატვირთვა და ისეთი დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთა საჭიროებების გამკლავება შეიძლება გაუჭირდეს სახელმწიფო სტრუქტურებს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.