გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა – მას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა, ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.