კახა კალაძე საფრანგეთის საელჩოს მიერ გრანტის გამოყოფაზე: კანონი „გრანტების შესახებ“ მკაცრად გააკონტროლებს ამ ტიპის ქმედებებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კანონი „გრანტების შესახებ“, რომელიც უკვე მიღებულია, მკაცრად გააკონტროლებს თანხების გამოყოფის საკითხს და ცხადი გახდება, თუ რა პროექტებში იხარჯება უცხოური დაფინანსება.
აღნიშნულზე მან საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვიცით, როგორ ხდებოდა რადიკალური ძალების დაფინანსება, ვინ იყო მთავარი დამფინანსებელი და საიდან მოდიოდა ეს თანხები. სიახლე ამ კუთხით ნამდვილად არ არის, თუმცა სამწუხაროა, რომ კითხვებზე არანაირი პასუხი არ არსებობს. კანონი, რომელიც უკვე მიღებულია, მკაცრად გააკონტროლებს ამ ტიპის ქმედებებს და ცხადი იქნება, თუ სად მიემართება ეს თანხები, რა პროექტებში იხარჯება. რა თქმა უნდა, მავანს არ სურს, გააცხადოს, თუ რა პროექტებს ხმარდება ეს დაფინანსება. ძირითადად, ის მიემართებოდა რევოლუციური სცენარების მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და საზოგადოების გახლეჩა-დაპირისპირებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.