გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არა ერთი სერიოზული შეხვედრა იყო – ეს პრაქტიკულად, ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას
„დღევანდელ ეტაპამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არა ერთი სერიოზული შეხვედრა იყო – ეს პრაქტიკულად, ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგშია.
“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ვერც გაყალბდებოდა. ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება და ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს, გარდა იმისა, რასაც მუდმივად იძახიან, რომ კარტოფილით და ხახვით მოისყიდეს ხალხი და ასევე, ზეწოლით, თითქოს, რამე დაემართებათ, თუკი 41 ნომერს არ მონიშნავდნენ. თითქოს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაარწმუნეს [ადამიანები], რომ მათი ხის მიცემის შედეგები იქნებოდა დანახული, რისი საშუალებაც, რესურსიც პრაქტიკულად, არ არსებობს.
[რაც შეეხება ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს], დღევანდელ ეტაპამდე, არა ერთი იყო უკვე სერიოზული შეხვედრა, სერიოზული დიალოგი „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს პრაქტიკულად, ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას. ეს ცუდია ერთი მხრივ, იმიტომ, რომ რეალობას ვერ აღიქვამენ პოლიტიკურ სუბიექტებად წოდებული ადამიანები, ადამიანთა გაერთიანება და მეორე, იმითაა ცუდი, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგშია. მართალია, მცირე რესურსით, მაგრამ მოლოდინი არის კიდევ შენარჩუნებული იმისა, რომ „დიფ სთეითის“ მხრიდან, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან, კიდევ ექნებათ დახმარება. ეს ძალიან ცუდი ნიშანია პატარა ქვეყნისათვის. ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის, მაგრამ რაღაცამ ხომ უნდა დაუსვას ამას წერტილი და ამ დონის ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას წერტილი დაესვას,“ – განაცხადა ვოლსკიმ.