ნეთანიაჰუ – მაკრონს: პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება „ჰამასისა“ და ირანის გამარჯვება იქნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება „ჰამასისა“ და ირანის გამარჯვება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ „მწვავე წინააღმდეგობა გამოთქვა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მიმართ და თქვა, რომ ეს ტერორიზმისთვის უზარმაზარი ჯილდო იქნება“.
„პალესტინის სახელმწიფო, რომელიც ისრაელის ქალაქებიდან რამდენიმე წუთის მოშორებით მდებარეობს, ირანული ტერორიზმის დასაყრდენი გახდება“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
გასულ კვირაში მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთს შეუძლია პალესტინის სახელმწიფოს აღიარება უახლოეს თვეებში.
„მე ამას არ ვაკეთებ ერთიანობისთვის ან ამა თუ იმ ადამიანის მოსაწონად. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ რაღაც მომენტში ეს სამართლიანი იქნება“, – თქვა მაკრონმა ფრანგულ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს.