ერაყში ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს – 1000-ზე მეტ ადამიანს სუნთქვის პრობლემები შეექმნა

ერაყის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, სტიქიის გამო 1000-ზე მეტ ადამიანს სუნთქვის პრობლემები შეექმნა.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ნაჩვენებია სქელი ნარინჯისფერი ნისლით დაფარული ადგილები. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რამდენიმე რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია და გადაიდო ფრენები.

ქვიშის ქარიშხალი ერაყში ხშირი მოვლენაა, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის სტიქიები კლიმატის ცვლილების გამო ხშირდება.

AFP-ის ცნობით, ფეხით მოსიარულეებსა და პოლიციას ქვიშის ქარიშხლისგან თავის დასაცავად სახის ნიღბები აქვთ გაკეთებული.

ამასთან, სტიქიის ზონაში იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებიც სუნთქვაგაძნელებულ ადამიანებს დახმარებას უწევენ.

ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების ინფორმაციით, ერაყის სამხრეთით მდებარე მუთანას პროვინციის საავადმყოფოებმა დახრჩობის პირას მყოფი, სულ მცირე, 700 შემთხვევა დააფიქსირეს.

250-ზე მეტი ადამიანი ნაჯაფის პროვინციაში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო სულ მცირე 322 პაციენტი, მათ შორის ბავშვები, დივანიას პროვინციის საავადმყოფოებში განათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები