ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ომანში გაიმართება

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შაბათს, 19 აპრილს ომანში გაიმართება, – ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ისმაილ ბაგაიმ განაცხადა.

მანამდე ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა თქვა, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რომში გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმაც დაადასტურა.

„კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი [აშშ-თან] ომანში გაგრძელდება, ის შაბათს, 19 აპრილს გაიმართება“, – განაცხადა ბაგაიმ, რომლის სიტყვებსაც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ციტირებს.

არაპირდაპირი მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის დესპანს სტივ ვიტკოვსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის შორის 12 აპრილს ომანის დედაქალაქში გაიმართა.

ამერიკელი ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ისინი პოზიტიური და კონსტრუქციული იყო. არაღჩიმ ასევე შეაფასა ამ მოლაპარაკებების ატმოსფერო, როგორც კონსტრუქციული და მშვიდი, მადლობა გადაუხადა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრს ბადრ ალ-ბუსაიდს ირანსა და ამერიკულ დელეგაციებს შორის აზრების გაცვლის საქმეში გაწეული ძალისხმევისთვის და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ისლამურ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის 19 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარტის დასაწყისში ირანის უზენაეს ლიდერს, ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა, სადაც თქვა, რომ სჯობს თეირანის ხელისუფლებასთან ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო პასუხით დაემუქრა.

ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის თქმით, თეირანის ხელმძღვანელობამ საპასუხო წერილში უარი თქვა აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებზე ბირთვული პროგრამის საკითხზე და მოლაპარაკებების ფანჯარა ღია მხოლოდ მესამე ქვეყნების შუამავლობით დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები