ნინო წილოსანი ევროპის აუდიტორთა დასკვნაზე: 7 მილიარდზე მეტი ევროს გამომჟღავნება იმ მიმართულებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი დაფინანსებულიყო და ამავდროულად ქვეყნებში რევოლუციური სცენარები მოწყობილიყო, პირდაპირ კავშირშია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან

„გვიხარია, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ თავი დაგვეზღვია ასეთი რევოლუციური სცენარებისგან,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროპის აუდიტორთა დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ენჯეოები“ ცდილობენ სიძულვილის გავრცელებას და შუღლის ჩამოგდებას.

„რა თქმა უნდა, 7 მილიარდზე მეტი ევროს გამომჟღავნება იმ მიმართულებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი დაფინანსებულიყო და ამავდროულად ქვეყნებში არეულობები, რევოლუციური სცენარები მოწყობილიყო, პირდაპირ კავშირშია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. გვიხარია, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ თავი გადაგვეზღვია ასეთი რევოლუციური სცენარებისგან. თუმცა, გრანტების კანონში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ არა მხოლოდ რევოლუციური სცენარები იყო გადაზღვეული, არამედ ის მავნებლური იდეოლოგია, რომელსაც „ენჯეოები“ ახორციელებენ, მაგალითად, სიძულვილის გავრცელება, შუღლის ჩამოგდება და ასე შემდეგ, იყოს სამუდამოდ დასრულებული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლაიმა ანდრიკიენემ, რომელმაც ევროკავშირის აუდიტის დასკვნა მოამზადა განაცხადა, რომ „ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ძალიან გაუმჭვირვალეა. სრული სურათი საკმაოდ დაბურულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია არც გამჭვირვალეა და არც სანდო.”

ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ ევროკავშირის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე სხვადასხვა სფეროში 2021 – 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა. დასკვნის თანახმად, დაუდგენელია თანხის ჩარიცხვის მიზნები, ასევე უცნობია, კონკრეტულად, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ დაფინანსებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები