დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებას, შეერთებული შტატების წინააღმდეგ სავაჭრო კონტრზომების შემოღების შესახებ, რომელიც აშშ-სთვის საპასუხო 25%-იან ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს,- ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
25%-იანი ტარიფის დაწესება ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ზომების პირველი ნაბიჯია და თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ 26 მილიარდი ევროს ღირებულების ალუმინსა და ფოლადზე მარტში დაწესებული ტარიფების გამო შემუშავდა.
“ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებს გაუმართლებლად და საზიანოდ მიიჩნევს, რაც ეკონომიკურ ზიანს აყენებს ორივე მხარეს და ასევე, გლობალურ ეკონომიკას. ევროკავშირმა გამოაცხადა თავისი მკაფიო უპირატესობა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების შედეგების პოვნაზე, რომელიც იქნება დაბალანსებული და ორმხრივად მოგებიანი”,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
წევრი სახელმწიფოების მიერ დღევანდელი კენჭისყრა ნიშნავს იმას, რომ – კომისიის შიდა პროცედურების დასრულების და განმახორციელებელი აქტის გამოქვეყნების შემდეგ – კონტრზომები შევა ძალაში. გადასახადების აკრეფა 15 აპრილიდან დაიწყება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების განცხადებით, ეს კონტრზომები შეიძლება, ნებისმიერ დროს შეჩერდეს, თუ აშშ სამართლიან და დაბალანსებულ მოლაპარაკების შედეგს დათანხმდება.