„შინაგანი დრო“ – თათია დარჩიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

12 აპრილს, 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, თათია დარჩიაშვილის პერსონალური გამოფენა – „შინაგანი დრო“ გაიხსნება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, თათია დარჩიაშვილი ცხოვრობს და მოღვაწეობს საქართველოში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის მიმართულება. 1997-99 წლებში სტაჟირება გაიარა სერგო ქობულაძის სახელობის ოფორტის სახელოსნოში, გოგი წერეთლის ხელმძღვანელობით. მისი სამუშაო სფეროებია: გრაფიკული ნახატი, ოფორტი, ინსტალაცია, ვიდეო, კოლაჟი, სკულპტურული სამკაული, წიგნის ილუსტრაცია, მინანქრის ტექნიკა. 1999 წლიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში.
„თანამედროვე ინფორმაციულ კულტურაში სამყაროს გააზრების ფორმები მოკლებულია ემოციურ წვდომას და უფრო მეტად ორიენტირებულია ახალი ინფორმაციის რეპროდუცირებაზე, რაც ინდივიდის შემოქმედებით პოტენციალს საფრთხის წინაშე აყენებს. წინა პლანზე მოდის ინფორმაციით აღჭურვილი თანამედროვე ადამიანი, რომელიც დაცლილია შინაგანი ინტუიციით მისაღწევი აბსოლუტური ცოდნისგან. ასეთ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია ისეთი შემოქმედებითი მეთოდის გამოყენება, როგორსაც თ. დარჩიაშვილი გვთავაზობს. მისთვის გარე სამყაროსგან შეძენილი ტრავმული გამოცდილება, მეხსიერება, სულიერი, ფიზიკური თუ ფსიქოემოციური მდგომარეობა სწორედ ინტუიციით მისაღწევი ცოდნისკენ გადადგმული ნაბიჯები აღმოჩნდა, რომლებიც ვიზუალურ სახე-ხატებად გარდაქმნა.
მხატვრის მიერ შექმნილი გალერეა მნახველს საშუალებას აძლევს, მასთან, შემოქმედთან, კავშირი საკუთარი შინაგანი აღქმით დაამყაროს. ყოველი ახალი მნახველისა და ხელოვანის შეხვედრისას იბადება ის, რაც სიცოცხლესთან გვაახლოებს. ამის გარეშე სხვა ყველაფერი მშრალი ინფორმაციაა. ვფიქრობთ, ხელოვნებაში ამ მიმართულების გააქტიურება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს, ციფრული სამყაროს აბსოლუტური დომინირების ეპოქაში.
გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი იხილავს როგორც არტისტის გრაფიკულ სერიებსა და ინსტალაციას, ასევე მისი გრაფიკული ნამუშევრებით ინსპირირებულ ექსპერიმენტულ სკულპტურულ ფორმებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის კურატორია თამთა-თამარ შავგულიძე.
გამოფენა 11 მაისამდე გასტანს.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი №11.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები