შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის ინიციირება მოახდინა
„საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი დავაინიციირეთ. პროექტი ორშაბათს გავა პარლამენტის ბიუროზე, რის შემდეგაც გასაჯაროვდება და დაიწყება მისი საპარლამენტო განხილვები. დაგეგმილია, რომ მაისის ბოლოსთვის მივიღოთ ახალი რეგლამენტი, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შალვა პაპუაშვილმა ახალი რეგლამენტის პროექტის ძირითად ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველი ცვლილება ინტერპელაციას შეეხება, კერძოდ, სესიის განმავლობაში ინტერპელაციის რაოდენობა გაორმაგდება.
„ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება. როგორც იცით, ინტერპელაცია გახლავთ პარლამენტის წევრების ინსტრუმენტი კითხვით მიმართონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს. ამ კითხვაზე საპასუხოდ შესაბამისი სუბიექტები უნდა მოვიდნენ პარლამენტში და პლენარული სხდომების ფორმატში უპასუხონ კითხვებს, შემდეგ კი იმართება დებატები. ჩვენ ორი წლის წინ გავზარდეთ ინტერპელაციის რაოდენობა და სესიის განმავლობაში 4 ინტერპელაცია იყო. ახლა ეს რაოდენობა ორმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაციის დღე. ასევე, ახლებურად მოწესრიგდება ინტერპელაციის დროს კითხვაზე პასუხის ეტაპის დასრულების შემდეგ დებატების წესი. აქამდე, ეს დებატები იყო უფრო მონოლოგური ხასიათის – ფრაქციები გამოდიოდნენ რიგრიგობით და დებატების ხასიათი არ ჰქონდა. ახალი მოწესრიგებით, იქნება მონაცვლეობითი გამოსვლა, რაც დებატებს უფრო დინამიკურ ხასიათს მისცემს. შესაბამისად, ინტერპელაცია უფრო აქტუალური იქნება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ინტერპელაციის ახალი წესის შემოღების გამო, თავის დანიშნულებას კარგავს „მინისტრის საათი”, რომელიც 2018 წელს, გარკვეულწილად, ინტერპელაციის საკომპენსაციოდ იქნა შემოღებული.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მეორე ცვლილება დროებით კომისიებს შეეხება.
„ჩვენ ახლა თვალ-ყურს ვადევნებთ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას, თუმცა კონსტიტუციით, ასევე, გათვალისწინებულია სხვა დროებითი კომისიები, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეიქმნას საგამოძიებო ფუნქციების გარეშე. ეს კონსტიტუციური ინსტრუმენტი პარლამენტში, ფაქტობრივად, არ გამოიყენებოდა და მის ნაცვლად მოქმედი რეგლამენტით, სხვა ინსტრუმენტები იყო შემოღებული, როგორიც იყო მუდმივმოქმედი საბჭოები, თემატური მოკვლევა და სხვა, თუმცა, კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი ინსტრუმენტები, არადა ამ დროს გვაქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რომელიც არ გამოიყენებოდა. მთავარი მიზეზი რის გამო არ გამოიყენებოდა დროებით კომისიები ის იყო, რომ რეგლამენტში სხვა დროებით კომისიებს ეთმობა ფაქტობრივად ორი თუ სამი მუხლი და მითითებები არის ძირითადად საგამოძიებო კომისიის რეგულაციებზე, რაც ართულებდა ამ კომისიის შექმნას, ფუნქციონირებასა და შინაარსს. ამიტომ, დროებითი კომისიის შექმნის წესს ჩვენ ვქმნით უფრო მარტივს, გასაგებს და მოქნილს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, დროებითი კომისიების ახალი წესით შექმნა შესაძლებლობას იძლევა მათ მუდმივმოქმედი საბჭოები ჩაანაცვლონ.
რეგლამენტში განხორციელებული ბოლო ცვლილებით, გენდერული თანასწორობის საბჭო გაუქმდა. ამასთან ერთად, ახალი რეგლამენტით გაუქმდება ბავშვთა უფლებების საბჭო და ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო.
„ზოგადად, მუდმივმოქმედი საბჭოები გაუქმდება, ვინაიდან, ფაქტობრივად, ეს იყო კომიტეტის გარკვეული ასლი და თან კომიტეტიც არ იყო. ამის ნაცვლად, ჩნდება მოქნილი ინსტრუმენტი – დროებითი კომისია, რომელიც შეიძლება იგივე თემატიკაზე შეიქმნას, რაზეც იქმნებოდა საბჭოები. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ მას შემდეგ რაც ახალი რეგლამენტი იქნება შემოღებული, პარლამენტში ქალთა და ბავშვთა უფლებებზე შევქმნათ დროებითი კომისია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მორიგი ცვლილება სამუშაო ჯგუფებს უკავშირდება.
„ახალი რეგლამენტით დაბრუნდება სამუშაო ჯგუფების ძველი ფორმატი. რამდენიმე წლის წინ განხორციელებული ცვლილების შედეგად, სამუშაო ჯგუფების როგორც ლოჯისტიკური, ასევე ბიუროკრატიული ნაწილი, კომიტეტის საქმიანობას დაემსგავსა. ფაქტობრივად, ამის შემდეგ, სამუშაო ჯგუფები არც იქმნება, არადა იმის საჭიროება, რომ არსებობდეს ფორმატი, სადაც არაფორმალურ, არაოფიციალურ სამუშაო რეჟიმში მოხდება საკითხების განხილვა, არსებობს. ამიტომ, სამუშაო ჯგუფის ეს ფორმატი აღდგება, რომელიც, თავის მხრივ, თემატურ მოკვლევას ჩაანაცვლებს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილება საკანონმდებლო წინადადებას უკავშირდება.
„ახალი რეგლამენტით, საკანონმდებლო წინადადების ეფექტიანობის გაზრდა მოხდება. ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში, დაახლოებით, 700 საკანონმდებლო წინადადება შემოვიდა, საიდანაც მხოლოდ 9 წინადადება იქცა კანონად, რაც ნიშნავს რომ საკანონმდებლო წინადადების 99% უშედეგოა. აქედან გამომდინარე, სისტემა შეიცვლება და საკანონმდებლო წინადადების ადრესატი, ნაცვლად კომიტეტებისა, პარლამენტის თითოეული წევრი გახდება, რათა მოხდეს მათი დაინტერესება, რომ წინადადება ინიციატივად აქციონ”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახალი რეგლამენტის მიღების შემდეგ პარლამენტის საქმიანობის ერთიანი წლიური ანგარიში დამკვიდრდება.
„დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშთან ერთად, ასევე, არის კომიტეტების ანგარიშები, რითაც პარლამენტის საქმიანობის ანგარიშების დუბლირება ხდება. ამიტომ, ახალი რეგლამენტით კომიტეტები იმუშავებენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და პირიქით, პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტებთან ერთად, რათა პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით შედგეს ერთიანი წლიური ანგარიში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკვე ორი წელია, საქართველოს პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან და პარლამენტს აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, პარლამენტის ახალ რეგლამენტზე მუშაობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, მოქმედი რეგლამენტი 2018 წელს არის მიღებული და ის უკვე თითქმის 7 წელია რაც ძალაშია.