ამერიკაში, ნიუ-იორკში, დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მეტროში უცნობ ქალბატონს ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.
პოლიციის კომისარმა ჯესიკა ტიშმა ინციდენტი აღწერა, როგორც “ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაული, რომელიც შეიძლება, ერთმა ადამიანმა ჩაიდინოს სხვა ადამიანის წინააღმდეგ”.
მისი თქმით, ქალი ბრუკლინისკენ მიმავალ მატარებელში იმყოფებოდა, როცა მას მამაკაცი მიუახლოვდა და მის ტანსაცმელს, სანთებლით, ცეცხლი წაუკიდა.
”ოფიცრები პატრულირებდნენ იმ სადგურის ზედა სართულზე, იგრძნეს სუნი, დაინახეს კვამლი და წავიდნენ გამოსაძიებლად. მათ დაინახეს ადამიანი, რომელიც მატარებლის ვაგონში იდგა და მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული” – თქვა ტიშმა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე სხვა მეტროსადგურში, სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის საშუალებით დააკავა. მოსწავლეებმა თავდამსხმელი ამოიცნეს. ის დააკავეს ჰერალდ სკვერის სადგურზე, რომელიც მდებარეობს მანჰეტენის Empire State Building-თან ახლოს.
პოლიციის კომისარმა თქვა, რომ მამაკაცს ჯიბეში სანთებელა უპოვეს.
პოლიცია მსხვერპლის იდენტიფიცირებაზე და თავდასხმის მოტივზე ამ დრომდე მუშაობს.