დავით კოდუა – სააკაშვილის საქმეზე: ყველა ვხედავდით, ყველას გვესმოდა ის ბოროტება და სისასტიკე, რასაც 9-წლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანასა და ხალხს უკეთებდა
„ქართულმა მართლმსაჯულებამ მიხეილ სააკაშვილს ე.წ. კორუფციასთან მებრძოლს, ელიტური კორუფციის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ყველა ვხედავდით, ყველას გვესმოდა ის ბოროტება და სისასტიკე რასაც 9-წლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანასა და ხალხს უკეთებდა, თუმცა, ამის სამართლებრივი შეფასება არის, უმთავრესი ჩვენი ქვეყნის მომავლისა და სამართლიანობის აღდგენისთვის”, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით კოდუა სოციალურ ქსელში წერს.
ის საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის საკითხს ეხმაურება.
“მიხეილ სააკაშვილი, მისივე დანაშაულებრივი გუნდის წევრებთან ერთად, წარმოადგენდა ამ ქვეყანაში სამოქალაქო ტერორის, ადამიანის უფლებების დარღვევის, საკუთრების უფლების ხელყოფის, საქართველოს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორიის კოდორის ხეობის ჩაბარების, მოწინააღმდეგეების ფიზიკური განადგურების – მთავარ შემოქმედს.
ჩვენს რეგიონს კარგად ახსოვს ზღვაში ჩაძირული პაატა ქარდავა, გოგიტა აბულაძე, დავით ცინდელიანი; ჩვენ კარგად გვახსოვს ოდიშის ტყეში მიწისქვეშ მოწყობილი წამების ადგილი, სადაც ადამიანებს აუპატიურებდნენ, ვიდეოთი იღებდნენ და აშანტაჟებდნენ; ჩვენ კარგად გვახსოვს ქონების ჩამორთმევის, ე.წ. ღამის პროკურატურის, ანაკლიაში მიწების მასიური გადაფორმების საქმეები. სახელმწიფო, რომელსაც ხალხი უნდა დაეცვა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით იქცა ძალად, რომელიც ამ ხალხს სჯიდა და პროპაგანდით მისივე მოსახლეობისგან მტრის ხატს ქმნიდა!
ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ამ რეჟიმს, და უარს ეუბნება უკვე 12 წელია, ხალხი ბრძენია კარგად იცის და კარგად ახსოვს თუ რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.
საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ბოროტების შემოქმედის მიხეილ სააკაშვილის და მისი სისტემის დამარცხება ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეძლო. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა წარმოუდგენელი ამბავი ფაქტად აქცია, ამით კი საქართველო იხსნა და მრავალი წლის წინ ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ეროვნული ფორმულა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ – აღასრულა“, – წერს დავით კოდუა