რატი იონათამიშვილი: სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია არამხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ მორალის, ეთიკისა და ისტორიის თვალსაზრისითაც
,,სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია არამხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ მორალის, ეთიკისა და ისტორიის თვალსაზრისითაც”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ღალატი სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ნდობას სპობს.
„რაც შეეხება პროექტს, რომელსაც მე წარმოგიდგენთ, ეს არის ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“. როდესაც ჩვენ კანონპროექტს ჩავხედავთ, ფაქტობრივად ერთი აბზაცია ეს კანონი, რომელიც „სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლს ადგენს. ეს საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, სცდება უბრალოდ სამართლებრივ ცვლილებებს. ეს არ არის მხოლოდ მუხლის დამატება „სისხლის სამართლის კოდექსში“. ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური დაცვის საკითხი. გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს როგორი საქართველო უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს. სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია არამხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ მორალის, ეთიკისა და ისტორიის თვალსაზრისითაც. ღალატი სპობს ნდობას სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის, ანგრევს იმ საფუძვლებს, რომელზეც ვაშენებთ ქვეყნის აწმყოსა და მომავალს.
სამშობლოს ღალატი არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაული, ეს არის ზიანი, რომელიც მთელ საზოგადოებას ადგება. მათ შორის, ჩვენს წარსულ გმირებს, ჩვენს აწმყოს, ჩვენს მომავალ თაობებს. ამიტომ, ჩვენი ვალია მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობას შეესაბამება, არამედ, შექმნის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ყველაზე მყარ და მტკიცე გარანტიებს და ხანგრძლივი სახელმწიფო ინტერესების სამსახურში იქნება. ჩვენ ამ საკითხზე საუბარი გვიწევს იმიტომ, რომ წარსულში ადგილი ჰქონდა სერიოზულ შეცდომას და უფრო მეტად, ეს იყო დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს კონკრეტულმა პირებმა და რომლის შედეგებიც ჩვენ, სახელმწიფომ, საკუთარ თავზე იწვნია“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.