შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო ძალებთან და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. გურიის რეგიონში შექმნილია დისლოკაციის 6 ადგილი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„დისლოკაციის ადგილებზე განთავსებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შტაბები, სადაც მეხანძრე-მაშველებთან ერთად თავდაცვის, ასევე საპოლიციო ძალებისა და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სპეცტექნიკა.
აღნიშნულ შტაბებში ხორციელდება დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, როგორც სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა – განხორციელება, ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებთან ადგილზე მისვლა. მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ურთულეს რელიეფურ პირობებში არაერთ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.