მიხეილ დუნდუა „ოფშორების კანონზე“: ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ და რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ გამართული კანონით ისარგებლა? გასარჩევი ის უნდა იყოს, ემსახურება თუ არა კანონი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს და ამაში კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს

„თუ კანონი მართებულია, თუ ის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოწონებული და აღიარებულია, რატომ არ აქვს უფლება ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ კანონით ისარგებლოს? რა არის ცუდი იმაში, თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გადმოიტანს კაპიტალს, საიდანაც 1 ცენტიც კი საქართველოში არ უშოვია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მოახმარს?“- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ოფშორების კანონის“ ირგვლივ რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა, რომ თითქოს ამ გზით ივანიშვილი სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს.

დუნდუას შეფასებით, თუ მოქმედი კანონი, მათ შორის საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის პოზიტიურად და სამართლებრივად გამართულად შეფასებული, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ კანონის გამოყენება. მით უფრო, რომ საუბარია ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული კაპიტალის საქართველოში გადმოტანასა და ამით ქართული ეკონომიკის სტიმულირებაზე.

„სიცრუის კორიანტელში კიდევ ერთი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო პრეტენზია საქართველოში მოქმედ „ჯაშუშურ ქსელს“ ამგვარი ჰქონდა – თურმე როგორ გაბედა და ისარგებლა ბიძინა ივანიშვილმა მოქმედი კანონით და რომ ამ გზით ის სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს. მივყვეთ ლოგიკურად – თუ კანონი მართებულია, თუ ის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოწონებული და აღიარებულია, რატომ არ აქვს უფლება ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ კანონით ისარგებლოს? რა არის ცუდი იმაში, თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გადმოიტანს კაპიტალს, საიდანაც 1 ცენტიც კი საქართველოში არ უშოვია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მოახმარს? კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ მარტივი კითხვა – თუ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ან ნებისმიერი სხვა ბიზნესმენის კაპიტალი საქართველოში არ შემოვა და ოფშორულ ზონაში დარჩება, ამით ქვეყანა რამე სარგებელს მიიღებს? ამით ქართულ ეკონომიკას რამე შეემატება? ცხადია არაფერი. მარტივი ჭეშმარიტებაა – თუ მოქმედი კანონი, მათ შორის საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის პოზიტიურად და სამართლებრივად გამართულად შეფასებული, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ კანონის გამოყენება. მით უფრო, რომ საუბარია მარტივ რამეზე – ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული კაპიტალის საქართველოში გადმოტანასა და ამით ქართული ეკონომიკის სტიმულირებაზე. ასევე მარტივი პასუხი დემაგოგიაზე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა კანონი საკუთარ თავზე მოირგო და ეს კანონი მისი ინსპირირებული იყო… ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ, მიტაცებული საქართველო გამოსტაცა ხელიდან აგენტურას და ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიის გზაზე დააყენა. და რას ხედავთ იმაში ცუდს, თუ ეს კანონი მისი იდეა იყო? და რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ ამ გამართული კანონით მან ისარგებლა, ან მომავალში ისარგებლოს? სად არის აქ აჟიოტაჟის საფუძველი? კანონი, რომელიც გამართული და სამართლებრივად სწორია, ერთნაირად მოემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. გასარჩევი ის კი არ უნდა იყოს, ვინ დააინიციირა თუ მოიფიქრა კანონი, გასარჩევი უნდა იყოს ის, ემსახურება თუ არა კანონი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს და ამაში კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს“.- წერს მიხეილ დუნდუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები