წუხელ, რუსული თავდასხმის დრონმა, ძლიერი ფეთქებადი ქობინით, დაარტყა საფარს, რომელიც მსოფლიოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან იცავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
“ეს თავშესაფარი ააშენა უკრაინამ, ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ამერიკასთან ერთად – ყველასთან, ვინც ერთგულია კაცობრიობის რეალური უსაფრთხოებისთვის. ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც თავს ესხმის ასეთ ობიექტებს, იკავებს ატომურ ელექტროსადგურებს და აწარმოებს ომს ყოველგვარი შედეგების გათვალისწინების გარეშე, რუსეთია”,- აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის თქმით, ეს თავდასხმა ტერორისტული საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის.
“ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე თავშესაფარი ამ თვითმფრინავმა დააზიანა. ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის რადიაციის დონე არ გაზრდილა და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. პირველადი შეფასებით, თავშესაფრის ზარალი დიდია”,- აღნიშნა ქვეყნის ლიდერმა.
მისივე თქმით, პუტინი მსოფლიოს ატყუებს და არანაირი მოლაპარაკებისთვის არ ემზადება.
“რუსეთი ყოველ ღამე ახორციელებს მსგავს თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურასა და ქალაქებზე. რუსეთი აგრძელებს არმიის გაფართოებას და არანაირ ცვლილებას არ აჩვენებს თავის შეშლილ, ანტიადამიანურ სახელმწიფო რიტორიკაში. ეს ნიშნავს, რომ პუტინი არ ემზადება მოლაპარაკებებისთვის – ის ემზადება გააგრძელოს მსოფლიოს მოტყუება. ამიტომ უნდა იყოს ერთიანი ზეწოლა ყველასგან, ვინც სიცოცხლეს აფასებს – ზეწოლა აგრესორზე. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებებზე”,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.