“ჩვენ გვინდა, რომ, საბოლოოდ, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის სწორ პოლიტიკაზე დამოკიდებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაური გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ “კორუფციის აღქმის ინდექსს”, რომლის თანახმად, 2024 წელს, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და კორუფციის სიმცირით წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ მაქსიმალური პროგრესი განიცადოს.
“ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით. მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით და არცერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე, რა თქმა უნდა, ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიჰბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიურები, იყვნენ გამჭვირვალე”, – წერს პრემიერ-მინისტრი.