„რა თქმა უნდა მიუღებელია, როდესაც ხდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაში ასე მძაფრად ჩარევა“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებაზე საუბრისას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს უნდა გაუხსნას გზა და ადგილობრივი არჩევნები გადადოს.
მინისტრის განცხადებით, ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, ევროპის საბჭოს სურს წარმოაჩინოს, რომ ოპოზიცია მთელი ერის სახელით საუბრობს და მთელი ქართველი ხალხის სახელით მოქმედებს და მეორეს მხრივ, თითქოს ოპოზიცია არ არის მზად იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და დრო სჭირდება მხარდამჭერების მობილიზებისთვის.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა, საქართველოში არეულობის გამოწვევის მიზნით, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მოწოდებაზე:
„შვედი პოლიტიკოსის მოწოდება, ჩარევის გარდა, არის კიდევ ერთხელ გამჟღავნება იმ სურვილების, რაც არსებობს კონკრეტული პოლიტიკოსების თავში საქართველოსთან მიმართებით. ეს არის საქართველოში არეულობა, დესტაბილიზაცია, სხვადასხვა სცენარების განვითარება, რაც უკავშირდება ქვეყნის კონსტიტუციური წყობის, კონსტიტუციური მოწყობის წინააღმდეგ წასვლას. მათ შორის, მაიდნის სცენარი, რომელიც არამხოლოდ განიხილებოდა, მზადდებოდა კიდეც საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.