თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც დღეს ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად გამოიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეს.

დღევანდელ პროცესზე დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად გამოიკითხება. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც.

სხდომაზე პროცესის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა. სადრაძის თქმით, კომერციული საიდუმლოების დაცვის მოტივით პროცესი ნაწილობრივ უნდა დაიხუროს და ივანიშვილის დაკითხვა სწორედ დახურულ პროცესზე უნდა მოხდეს.

სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო დაცვის მხარე და ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც. დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროცესის მიმართ დიდი ინტერესია, შესაბამისად ივანიშვილის დაკითხვა ღია პროცესზე უნდა მოხდეს და მისი დაკითხვა არანაირ კომერციულ საიდუმლოებას არ ეხება.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პროცესი დაიხურა.

გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები