ევროკომისია რუსეთიდან და ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტების მხარდასაჭერად 3 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკომისია რუსეთიდან და ბელარუსიდან ევროკავშირში მომუშავე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს 3 მილიონ ევრომდე დახმარებას გაუწევს.
აღნიშნული დაფინანსება მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეწყობას, რაც მათ „რედაქტორული ჩარევის“ გარეშე საკუთარი კონტენტის წარმოებისა და გავრცელების საშუალებას მისცემს.
გარდა ამისა, თანხები ასევე მოხმარდება პანევროპული პლატფორმის ან მედია ცენტრების ქსელის შექმნას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პოპულარიზაციისთვის.
დაგეგმილი ბიუჯეტი 2,94 მილიონი ევროა.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი კრიტიკული მედიის აღსაკვეთად ზომები მიიღო.
ამ ჩარევის შედეგად დამოუკიდებელი გაზეთები, ვებგვერდები და ტელეარხები იძულებულნი არიან ევროკავშირიდან თავიანთ აუდიტორიას მიაწვდინონ, რაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
ამავდროულად, ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსული დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსი აუდიტორიისთვის ინფორმაციის მუდმივი ნაკადის უზრუნველსაყოფად, რუსეთსა და მის ფარგლებს მიღმა.
ამასთან, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მხოლოდ 2024 წელს რუსეთიდან და ბელარუსიდან დაახლოებით 1500 ჟურნალისტი გაიქცა ან ევროკავშირში გადავიდა.