“ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება” – იაშვილის კლინიკა

“სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში
ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს”, – შესაბამის განცხადებას იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში წერია, დღევანდელი დღის მონაცემებით, კლინიკაში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი.

“შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველომ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აღებულია წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები