“ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება.
როგორც შესაბამის განცხადებაში წერია, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აღებულია წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით – „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ.
ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.
იმავდროულად, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.