მიხეილ ყაველაშვილი – მთავარი პრინციპი, რითაც ვიხელმძღვანელეთ შეწყალებისას, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, ასე გაგრძელდება მომავალშიც, არავინ არ გაბედოს, სცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება
ჩვენი მთავარი პრინციპი, რითაც ვიხელმძღვანელეთ შეწყალებისას, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, შეწყალებასთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად გაუგებარია.
„ჩემთვის გაუგებარია გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი. არ მესმის, როგორ შეიძლება, არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და მეგობრებს. ჩვენ, შემჭიდროებულ ვადებში, აქტიურად ვიმუშავეთ არაერთ უწყებასთან, იმისთვის, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. მადლობას ვუხდი აღნიშნულ პროცესში ჩართულ თითოეული უწყების ხელმძღვანელს და წარმომადგენელს. მთავარი პრინციპი, რითაც ვიხელმძღვანელეთ, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც. არავინ არ გაბედოს და არ სცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.