„ყველაზე სულელური სავაჭრო ომი“ – WSJ ტრამპის ტარიფებზე
კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი გადასახადის შემოღებამ შეიძლება სერიოზული ეკონომიკური შედეგები გამოიწვიოს და აშშ-ის პარტნიორები აიძულოს, რომ ალტერნატიული ბაზრები მოიძიონ, – ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გაზეთი Wall Street Journal-ი წერს.
გაზეთმა, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში, ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯს „ისტორიაში ყველაზე სულელური სავაჭრო ომი“ უწოდა.
როგორც Wall Street Journal-ი იუწყება, ეს პოლიტიკა ამერიკულ კომპანიებს დააზარალებს და ოტავასა და მეხიკო სიტის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს.
„ტრამპმა თქვა, რომ ტარიფები აშშ-სთვის ახალ „ოქროს ეპოქას“ გამოიწვევს, მაგრამ ეკონომიკა უკვე გრძნობს შედეგებს, სანამ ისინი ძალაში შევა“, – აღნიშნავს გამოცემა.
ამასთან, გაზეთი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის ტარიფები ასევე დაარტყამს ჩრდილოეთ ამერიკის ენერგეტიკულ ბაზრებს, რომლებიც მჭიდროდ არიან ინტეგრირებული.
გარდა ამისა, აშშ-ის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, ჯეი ტიმონსმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ტარიფები „ძირს უთხრის ამერიკული ინდუსტრიის გლობალურ კონკურენტუნარიანობას“ და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებიც ვერ შეძლებენ ალტერნატიული მომწოდებლების სწრაფად მოძებნას.
„არც ერთი ქვეყანა ან ინდუსტრია არ არის დაზღვეული. თუ ტრამპი განიხილავს ტარიფებს არა მხოლოდ ზეწოლის ინსტრუმენტად, არამედ ეკონომიკურად გამართლებულ სტრატეგიად, ეს აიძულებს პარტნიორებს მოძებნონ სხვა ბაზრები. როგორ დაეხმარება ეს ამერიკას, გაუგებარია. ასე რომ, დიახ, ყველაზე სულელური სავაჭრო ომი. ჟღერს საკმაოდ სამართლიანად, თუ მსუბუქად არა“, – წერს Wall Street Journal-ი.