ევროკავშირის ლიდერები ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი მზად იქნება საპასუხო ქმედებისთვის, თუ დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ბლოკი „ყურადღებით უსმენს“ ტრამპის კომენტარებს და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებისთვის ემზადება.

„თუ ევროპას ვაჭრობის კუთხით თავს დაესხმებიან, მოუწევს რეაგირება მოახდინოს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ტარიფი ცუდი იქნება როგორც აშშ-სთვის, ასევე ევროპისთვის და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის აუცილებლობას ამ სიტუაციის მოსაგვარებლად.

“ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს სრულიად არასაჭირო და სულელური სატარიფო ომები და რომ სასტიკი პარადოქსი იქნება, თუ ბლოკი იძულებული გახდება, დიდი ხნის მოკავშირესთან სავაჭრო ომში ჩაერთოს”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.

ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საიმონ ჰარისის თქმით, დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან გამოწვევებს შეუქმნის ირლანდიას და ევროპას, თუ ის აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, როგორც ეს კანადასა და მექსიკასთან დაკავშირებით გააკეთა.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის პეტერი ორპოს განცხადებით, ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვას.

„ჩვენ მზად ვართ. ტრამპთან მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ომის დაწყებას არ ვაპირებ, მე მსურს მოლაპარაკებების დაწყება“, – აღნიშნა პეტერი ორპომ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ტარიფები დაუწესდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები