დავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტს სხვა საქმე აღარ დარჩა, გარდა საქართველოში “პოლიტიკური არეულობის” განხილვისა, რომლის ავტორიც მისივე წევრები არიან “როთების” და “ჟიგიმანტასების” თამადობით – ჯერ შექმნი არეულობას, მერე მოაგვარებ, რა არის ამაზე უფრო “ევროპული”?
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ევროპარლამენტის მიერ „საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე“ დებატების გამართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ევროპარლამენტმა, საკუთარი პრობლემები, მათ შორის, კორუფციული სკანდალები, ეკონომიკური პრობლემები, პედოფილიის, პორნოგრაფიის და ნარკომანიის გამოწვევები აღმოფხვრა და საქართველოს გარდა სხვა საქმე აღარ დარჩა. ექსპერტის თქმით, ევროკავშირი იმ “პოლიტიკურ არეულობას” განიხილავს, რომლის ავტორიც მისივე წევრები არიან.
“ევროპარლამენტმა საკუთარი წევრების ყოველთვიური კორუფციული სკანდალების პრობლემა საბოლოოდ აღმოფხვრა, რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტის რეკორდული მაჩვენებლების შესახებ უკრაინის ომის მესამე წელს, როგორც იქნა შეიტყო, ძალიან შერცხვა და აღმოფხვრა, ევროპის წამყვან ქვეყნებში ეკონომიკური რეცესიის და სამუშაო ადგილების მასიური შემცირების პრობლემები გადაჭრა, ევროპელი ამომრჩევლების მიერ მთავრობებისთვის უნდობლობის გამოცხადების რეგულარული შემთხვევებიდან დასკვნები გამოიტანა და პოლიტიკა გააუმჯობესა, პედოფილიის, პორნოგრაფიის, ნარკომანიის პრობლემები აღმოფხვრა და რა თქმა უნდა, ამ ფონზე სხვა საქმე აღარ დარჩა, გარდა საქართველოში “პოლიტიკური არეულობის” განხილვისა, რომლის ავტორიც მისივე წევრები არიან როთების და ჟიგიმანტასების თამადობით. ამასაც ბოროტი ზრახვებით კი არ აკეთებდნენ, უბრალოდ იმდენი თავისუფალი დრო რჩებათ, რომ ერთობიან – ჯერ შექმნი არეულობას, მერე მოაგვარებ, რა არის ამაზე უფრო ევროპული და სასარგებლო”, – წერს დავით ჩიხელიძე.