“პსჟ-ში მესიმ ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე დიდ ნაბიჯს ხვიჩასთან ერთად გადადგამს” – შოთა არველაძე
“ხვიჩას თამაშის სტილმა და ევროპაში მისმა გაბრწყინებამ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებაში გვამყოფა და მიხარია, რომ ისეთ კლუბში ითამაშებს, სადაც მის სტილსა და უნარებს კიდევ უფრო დიდი გასაქანი ექნება”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ განაცხადა, რითაც “პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლას გამოეხმაურა.
“მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლუის ენრიკე თანამედროვეობის გამორჩეულად ძლიერი სპეციალისტია და მასთან კვარა კიდევ უფრო სრულყოფილი მოთამაშე გახდება.
იმის მიუხედავად, რომ ამ კლუბში ითამაშეს მესიმ, ნეიმარმა, ზლატანმა, რონალდინიომ და ბექჰემმა, ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენი“ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ ხვიჩასთან ერთად გადადგამს და დარწმუნებული ვარ, ამას მალე ერთად ვნახავთ.
კვარა, გილოცავ ამ წარმატებულ ნაბიჯს. ვულოცავ შენს დიდ ოჯახს, და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ტრანსფერში. ველოდებით გაბრწყინებას!“, – დაწერა არველაძემ.