პაატა სალია: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რეგიონში იყოს მშვიდობა და ამისთვის საქართველო ყველა ღონეს გამოიყენებს, მათ შორის დაახლოებას ისეთ სტრატეგიულ და ისტორიულ პარტნიორთან, როგორიც აზერბაიჯანია

”ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რეგიონში იყოს მშვიდობა და ამისთვის საქართველო ყველა ღონეს გამოიყენებს, მათ შორის დაახლოებას ისეთ სტრატეგიულ და ისტორიულ პარტნიორთან, როგორიც აზერბაიჯანია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამიერკავკასიაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს.

„აზერბაიჯანის ხელისუფლება და პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იყო პირველი ადამიანი, ვინც მიულოცა „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს წარმატებით ჩატარებული არჩევნები. სწორედ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მივიღეთ პირველი მოწვევა საპარლამენტო დელეგაციისა აზერბაიჯანის მილიმეჯლისის მიერ და საპარლამენტო დელეგაცია ვიმყოფებოდით რამდენიმე დღის განმავლობაში, სადაც კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

რაც შეეხება დღევანდელ ვიზიტს, ეს არის სამთავრობო დონეზე უმნიშვნელოვანესი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც განიხილება გარდა ეკონომიკური საკითხებისა, პოლიტიკური საკითხებიც, ისეთი, როგორიც არის ჩვენი პრემიერის მიერ გახმოვანებული ინიციატივა, რომ საქართველომ ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში სამი სახელმწიფოს ინტერესების დაახლოებას და სხვადასხვა ფორმატში ამ ურთიერთობის ფასილიტაციას.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი ამიერკავკასიაში. ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რეგიონის სახელმწიფოებმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სწორედ ეს სახელმწიფოები იყო, რომლებმაც პირველებმა მოგვილოცეს არჩევნების წარმატებით ჩატარება და მიულოცეს „ქართულ ოცნებას“ დამსახურებული და სამართლიანი გამარჯვება ამ არჩევნებში“, – განაცხადა პაატა სალიამ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები