ამსტერდამის პოლიციამ ებრაელების მასობრივი დარბევის საქმეზე 62 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, დარბევის შედეგად დაშავებულებიდან ხუთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარი ფაქტის გამოძიება გრძელდება.
მომხდარი დაგმეს ჰოლანდიისა და ისრაელის ლიდერებმა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სასწრაფო დიპლომატიური ვიზიტით გაემგზავრა ნიდერლანდებში.
„ქალაქის რამდენიმე ადგილას მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. პოლიციას რამდენჯერმე მოუწია ჩარევა, ისრაელის მხარდამჭერების დაცვა და მათი სასტუმროებამდე მიყვანა. ქალაქში პოლიციის მასიური ყოფნის მიუხედავად, ისრაელის მხარდამჭერები დაშავდნენ. ისრაელის მხარდამჭერების მიმართ ძალადობის ეს ტალღა მიუღებელია და გამოვლენილ ანტისემიტურ ქცევას არ აქვს გამართლება“, – ნათქვამია ამსტერდამის პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევროპის ლიგის ფარგლებში ნიდერლანდურ კლუბ „აიაქსსა“ და თელ-ავივის „მაკაბის“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ამსტერდამში არეულობა დაიწყო. ადამიანები, რომლებიც პალესტინურ ლოზუნგებს ყვიროდნენ „მაკაბის“ საგულშემატკივროდ ჩასულ ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ. ათი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, კიდევ სამი დაკარგულად ითვლება.