“დაძაბულობა ქვეყანას არ წაადგება, ამიტომ ყველა უნდა დამშვიდდეს, დაფიქრდეს – პრიორიტეტია მშვიდობა” – მხატვარი ზურა გომელაური

“ეს ნჯღრევა, ძალიან დიდი დაძაბულობა ქვეყანას არ წაადგება, ამიტომ ყველა უნდა დამშვიდდეს, დაფიქრდეს, რა არის პრიორიტეტი. პრიორიტეტია მშვიდობა. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს” – ამის შესახებ მხატვარმა, ზურა გომელაურმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

გომელაური მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და წინასაარჩევნოდ ახალგაზრდებს მიმართა.

“თავდახრით, დიდი მოკრძალებით მინდა, ჩვენს მშვენიერ, ლამაზ, ჭკვიან, განათლებულ, ნიჭიერ ახალგაზრდებს მივმართო. მინდა, ყველა ახალგაზრდა დაფიქრდეს და არჩევანი თავის აზრის, გულის მიხედვით გააკეთოს. ეს არის რეალურად ჩვენი მომავალი ცხოვრების გზაგასაყარი: მშვიდობიანი, თუ არამშვიდობიანი გზით განვითარების. დიდი თხოვნა მაქვს მათდამი, ამ საქმეს დიდი სიბრძნით მოეკიდონ. ვფიქრობდი: კარგი ოჯახი როგორ არის: როცა ახალგაზრდა იტყვის, მე კარგი ქმარი მინდა, მყავდეს, ან მინდა, ცოლად კარგი გოგო მოვიყვანო. ეს არასწორია, თავად უნდა თქვას, მე უნდა ვიყო კარგი ქმარი, მე უნდა ვიყო კარგი მეუღლე. ქვეყანაც ასეა, ჩვენ უნდა ვიყოთ კარგი მოქალაქეები და ყველაფერი სწორად განვითარება. დიდი თხოვნა მაქვს, ამ ყველაფერს სიბრძნით შეხედონ. ძალიან რთული სიტუაციაა, რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ბევრი მხარეა დაინტერესებული. მადლიერი ვარ ამ 12 წლისთვის, რომელიც აბსოლუტური მშვიდობით, განვითარებადია. დიდი ნჯღრევა გვაქვს. სტუდენტობის დროს ექსკურსიაზე წავედით, ავტობუსის მძღოლმა იქამდე ძლივს ჩაგვიყვანა, მთელი გზა გვანჯღრევდა, ისე რომ წყალიც ვერ დავლიეთ, ასეთ დღეშია მთელი საქართველო. შემდეგ ექსკურსიაზე კარგი მძღოლი ვნახეთ, მშვიდობით ჩავედით და ჩამოვედით. ეს ნჯღრევა, ძალიან დიდი დაძაბულობა, ქვეყანას არ წაადგება. ამიტომ ყველა უნდა დამშვიდდეს, დაფიქრდეს, რა არის პრიორიტეტი. პრიორიტეტია მშვიდობა. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს.
ხანდახან ვფიქრობ: ჩვენ ვერ ვხედავთ, დაუნახაობა ყველაზე ცუდი რამაა. ერთ წმინდანს, რომელიც ბრმა იყო, ბევრ სასწაულს ახდენდა, ერთმა ადამიანმა, ვისაც ის დაეხმარა, უთხრა როგორ მიყვარხართ, ვდარდობ, რომ ვერაფერს ხედავთ, ვერც მზეს, ვერც ზღვას, ვერც ყვავილებსო. წმინდანმა უთხრა, ვხედავ, ღმერთმა დამანახაო. ე.ი. შინაგანი ხედვა უნდა გქონდეს, და არა ის, გარედან რას გვეუბნებიან. ჩვენ ხომ გოჭები არ ვართ, ის ერთადერთი ცხოველია, რომელიც თავს მაღლა არ სწევს. არ მინდა, ქვემოთ მყურებლებს დავემსგავსოთ. ჩვენი შრომით, ჩვენი ნიჭიერებით, ურთიერთგატანით, ჩვენი სიყვარულით, რომელიც აღარ არსებობს . . . როგორმე ეს სიყვარული უნდა ვისწავლოთ და თავი გავიტანოთ. შემდეგ მტერი ვერ დაგვამარცხებს. სჯობს, ჩვენს თავს ვეკუთვნოდეთ. ჩვენი მთავრობის სწორი გადაწყვეტილებაა: რაც თავი მახსოვს სულ ვიღაცის კარნახით ვიყავით, ახლა როგორღაც ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ თავისი აზრი გამოხატოს. ეს კარგია, ახალგაზრდებს ხომ უყვართ დემოკრატია. დემოკრატია რა არის – ურთიერთპატივისცემა. დემოკრატია სხვისადმი აგრესია არაა. დემოკრტია ურთიერთმოსმენაა. რომ უებნებიან, აგრესია გამოხატეთო , ეს არის სხვისი აზრის მონობა. ეს ჩვენი კულტურა არაა. სხვისი ქონების დაზიანება, “მოლოტოვის კოქტეილების” სროლა – ეს ჩვენგან ძალიან შორსაა, ეს ძალიან დიდი სირცხვილია. მახსოვს, პირველ სკოლაში ვსწავლობდი, სახელმწიფო ენის შეცვლა რომ უნდოდათ და მიტინგები იყო. არასდროს მახსოვს, სხვისი ქონება დაზიანებულიყო. ჩვენი ახალგაზრდები ბრძენები არიან. ემოციები რამენაირად თავიანთ შრომაში, ნიჭიერებაში უნდა გადაიტანონ. აგრესია, რომელიც ჩვენი არაა, რამენაირად უნდა დაიოკონ. სიბრძნით, განათლებით წავიდეთ წინ.

კიდევ რისი თქმა მინდა, ჩვენს ახალგაზრდებს მინდა, ვთხოვო,  ასე გავაკეთოთ:  მათ  უნდათ     მაღალი თანამდებობები, მთავრობაში მოსვლა,  რომ ვკითხოთ:  გინდათ  მთავრობაში მოსვლა? გვეტყვიან, გვინდა, ეს საამურია, ტკბილია, თან გამოცდილი გვაქვს.  მაშინ ხელი მოგვიწერეთ ფურცელზე, სადაც წერია:  ომი რომ დაიწყება, პირველი შენ წახვალ.  ახალგაზრდებს ვთხოვ,  მათ ხელმძღვანელებს ჰკითხონ –  წახვალთ თქვენ, თუ მე გამიშვებთ წინ?  ამაზეა ლაპარაკი.  ჩვენ გაქცევაც ნანახი გვაქვს.  ალბათ, ისინი 5-6 წლისანი იყვნენ,  როდესაც  ქვეყანას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, იყო შეკვეთილი ომები , გარე ინტერესებისგან. საერთოდ,  რევოლუცია ბოროტისგანაა. ეს  ისტორიამ დაამტკიცა. არცერთი  რევოლუცია კეთილისმომტანი არ ყოფილა. თუნდაც რუსეთი რომ ავიღოთ, იქ მეფეც მოკლეს,  გაანადგურეს ყველაფერი, ტაძრები.  საოცარია, როგორ მეორდება ისტორია. ახლაც ამას აპირებენ,  გაანადგურონ ტაძარი, არც მალავენ ამას.

მჯერა ახალგაზრდობის, რომ ისინი სამშობლოს არაფერს   დაუშავებენ,” – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები